ისტორია

დანიელ ერგინის წიგნის “The Prize”-ის მიხედვით)

ბათუმის ნავთობტერმინალის ისტორია თავის სათავეებს იღებს ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან და მჭიდროდაა დაკავშირებული კასპიის რეგიონის ნავთობის მრეწველობის განვითარების ისტორიულ მოვლენებთან.

1876 წლისათვის ლუდვიგ ნობელი, ძმები ნობელების იმპერიის ფუძემდებელი, რუსეთის იმპერატორისგან ნებართვის მიღების შემდეგ, ფაქტიურად გახდა ბაქოს, კასპიის “შავი მარგალიტის”, მთავარი ნავთობმაგნატი. ათწლეულის განმავლობაში ნობელის ძალისხმევის წყალობით “შავი ოქროს” მოპოვების მოცულობაში რუსეთმა გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ტექნიკური აღჭურვილობის დონემ მოწინავე სტატუსს მიაღწია გლობალური მასშტაბით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებდა რუსეთის ნავთის მოცულობის ნახევარზე მეტს. 1883 წელს “ძმებ ნობელთა ამხანაგობამ” განახორციელა მათი პირველი ნავთობსაცავის მშენებლობა ქალაქ ბათუმში. ბათუმის ნავთობტერმინალის ისტორია სწორედ ამ ობიექტის მშენებლობიდან იწყება.

საკვირველია, მაგრამ იმ წლებში, ნავთის თბილისში ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან (თითქმის 13 000 კმ) უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ბაქოდან (დაახლოებით 550 კმ).

ვითარება შეიცვალა 1883 წელს, როდესაც ბარონ ალფონს როტშილდმა, რომლის ადრიატიკის ზღვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები საჭიროებდნენ რუსულ იაფ ნავთობს, დააფინანსა ბაქოდან ბათუმის პორტამდე რკინიგზის მშნებლობა. 1886 წელს როტშილდებმა დააარსეს ცნობილი “კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია”, რომელის მეშვეობითაც ბათუმში ნავთობტერმინალის არსებულ ტერიტორიებზე აშენდა ნავთობის შესანახი რეზერვუარები და სავაჭრო საწარმოები. ახალი ბაქო-ბათუმის რკინიგზის მეშვეობითY ბათუმი ფაქტიურად მომენტალურად იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს ნავთობის პორტად.

1892 წლის 5 იანვარს მარკუს სამუელმა, კომპანია “შელი”-ს დამაარსებელმა, ოფიციალური ნებართვა მიიღო უახლესი ნავთობის ტანკერის გაყვანაზე სუეცის არხის გავლით. სამუელი ცდილობდა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას – შორეული აღმოსავლეთის ნავთის ბაზარზე “როკფელერ სტანდარდ ოილ”-ის მონოპოლიის განადგურებას. ამერიკული კომპანია შორეული აღმოსავლეთის მომხმარებლებს ნავთს მიაწოდებდა გემებზე დატვირთული თუნუქის კონტეინერებით, ზღვით, კეთილი იმედის კონცხის შემოვლითი გზით. მარკუს სამუელმა პარტნიორობა გაუწია როტშილდს და გახსნა ალტერნატიური გზა ბათუმისა და სუეცის არხის გავლით, რომელიც ბევრად უფრო იაფი აღმოჩნდა.

1892 წლის 22 ივლისს მარკუს სამუელის მიერ დაპროექტებული ნავთობის ტანკერი “მიურექსი” გამოვიდა ინგლისური პორტიდან ვესთ ჰართლფულიდან ბათუმისკენ. ბათუმის ნავთობტერმინალზე ტანკერში ჩატვირთეს “ძმებ ნობელებთა ამხანაგობის” მიერ წარმოებული ნავთი. 1982 წლის 22 აგვისტოს “მიურექსმა” გაიარა სუეცის არხი და გაემართა სინგაპურში კომპანია “შელი”ს საწყობებზე დასაცლელად.